ახალი ამბები
"რომ გითხრათ, გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, მოგატყუებთ" - შოვის ტრაგედიიდან 2 თვეზე მეტი გავიდა
FaceBook
შოვში მომხდარი ტრაგედიიდან 2 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობა ჯერ არ გამოკვეთილა.

მისივე თქმით, ერთი დაკარგული არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„უმძიმესი იყო ეს მთელი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, კიდევ ერთი ადამიანის, არასრულწლოვნის, ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები დარჩენილი, ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს და რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ახალი რამე, ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ. ჯერჯერობით არაფერი გვაქვს ახალი. ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“,
– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ. სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

შოვში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანთა გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაიწყო, რაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე 2 თვეზე მეტია გასული, მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.



Print