ახალი ამბები
"არავინ იწუხებს თავს" - ზესტაფონის სოფელში 750 ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი, ზოვრეთი, სადაც 750 ოჯახი ცხოვრობს, წყლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეზოში არტეზიული ჭები აქვთ, თუმცა წყალი იმდენად მარილიანია, ვერ იყენებენ. ამიტომაც, მათი თქმით, ვისაც ავტომობილი ჰყავს, დასალევ წყალს მეზობელი სოფლიდან ეზიდება.

„13 წელია ამ სოფლის რძალი ვარ, თუმცა ჩვენი პრობლემა მხოლოდ ამ 13 წლით არ შემოიფარგლება. საკმაოდ ბევრი წელია, წყალი არ გვაქვს, არადა უდიდესი სოფელია. ადრე ბასეინი გვქონდა და ორ კვირაში ერთხელ რომ მოდიოდა, ორი საათით წყალი, ვინც მოვასწრებდით, ავიღებდით ჭურჭელში. მერე ეს ბასეინიც გაფუჭდა და გაუქმდა. ახლა ძველებური "ბაკები" გვიდგას ეზოში და ფაქტობრივად, წვიმის წყლით ვრეცხავთ ჭერჭელს. ზოგს ჭა აქვს, მაგრამ წყალი იმდენად მარილიანია, პირუტყვიც არ სვამს. ივლისს-აგვისტოში იყო პერიოდი, ქათმისთვის დასალევი წყალიც არ გვქონდა“,
- ამბობს ადგილობრივი ხათუნა ნემსაძე.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მუნიციპალიტეტს დასახმარებლად არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მკვიდრის ხათუნა ნემსაძის ინფორმაციით, ზესტაფონის მერიაში უთხრეს, რომ წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის დიდი ფინანსური რესურსები იყო საჭირო, სპონსორი კი არ მოიძებნა.

„ბოლოს იმასაც ვითხოვდით, იქნებ სოფლის მდინარის წყლის მოწოდება მომხდარიყო. სუფთა არც ეს იქნება, მაგრამ რაღაც ხომ არსებობს, რომ გაიფილტროს, გაკეთდეს, მოეწყოს, რომ თუ დასალევად არა, დასაბანად და დასარეცხად მაინც გვქონდეს. გვითხრეს, იმხელა სოფელია, ეს მდინარეც არ ეყოფა მისაწოდებლადო. როგორ შეიძლება  არ გამოინახოს რესურსი? სხვა ვერსიებსაც განვიხილავდით, მაგრამ თქვეს, დიდი თანხებია საჭირო და არ მოიძებნა სპონსორიო. ჩემი აზრით, არ იწუხებს არავინ თავს, თორემ 21-ე საუკუნეში, არ მგონია, რამე პრობლემა მოუგვარებელი იყოს, თუკი გულთან მიიტან ადამიანის გასაჭირს“,- ამბობს ხათუნა ნემსაძე.

ის, რომ სოფლის მკვიდრებს წლებია, წყლის პრობლემა აქვთ, წყალტუბოს მერიისგან განსხვავებით, აღიარებს თავად მერის წარმომადგენელი ზოვრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იუზა გვალია. 

„მართალია, წყალი არ აქვს სოფელს. მდინარეა ჩოლაბური და იქ დაჰყავთ საქონელი, წყალი რომ დაალევინონ. თავად მეზობელი სოფლიდან ეზიდებიან წყალს მანქანით და ვისაც ავტომობილი არ ჰყავს, ყიდულობს. ასე წვალებაშია ხალხი. არტეზიულმა ჭებმა არ გაამართლა. შემდეგ მოვიყვანეთ გეოლოგები, მოიძებნა ადგილი (8 კმ-ია საწყისი წერტილიდან), სადაც უნდა გაიჭრას ბასეინი (სულ მცირე 2 000 ტონიანი) და იქიდან ამოიტუმბოს წყალი, მაგრამ 5 მილიონამდე ჯდება და ჯერჯერობით თანხები არ აქვს რაიონს“,- განმარტავს იუზა გვალია.

საკითხთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიაში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან და ფინანსური რესურსების მოძიებაზე მუშაობენ.

„მერიაში განიხილავენ პროექტს, რომელიც ზოვრეთის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. განიხილება, რამდენად იქნება ეფექტური. ბუნებრივია, ამასთან ერთად, მუშაობენ ფინანსური რესურსების მოძიებაზე, რომ ამ პროექტის დაფინანსება განხორციელდეს“,- განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას, წყალთან ერთად, სანიაღვრეების პრობლემაც აქვს და ყოველი წვიმისას, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები ეტბორება, თუმცა ამ საკითხზე მომდევნო მასალაში მოგიყვებით. 


Print