ახალი ამბები
როგორ ხდება გაზის შემოწმება და რას უნდა მიექცეს ყურადღება ბუნებრივი აირის მოხმარებისას
FaceBook
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივი აირის მოხმარებაც იზრდება. არის შემთხვევები, როცა გაზის გაჟონვა აფეთქებას იწვევს, შედეგად, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

"ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა, რა პერიოდულობით ტარდება შესაბამისი მოწყობილობების შემოწმება და როგორ ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის, რომლის დროსაც ბუნებრივი აირის მოხმარება გაორმაგებულია. 

"სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის სერვისცენტრში გვითხრეს, რომ გაზხელსაწყოების შემოწმებები არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ყოველდღიურად ხდება. 

იმერეთის რეგონალური ოფისის მთავარი ინჟინერის მერაბ კუბლაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში, თვეში 6 700-მდე აბონენტი მოწმდება. 

მისივე თქმით, "სოკარ ჯორჯია გაზი" აწარმოებს როგორც გეგმიურ-გამაფრთხილებელ სამუშაოებს, ასევე თავად მომხმარებლებსაც შეუძლიათ მიმართონ მათ შემოწმებისთვის. 

"ყველა აბონენტთან, გრაფიკის მიხედვით, აუცილებლად მიდის ჩვენი თანამშრომელი. მომხმარებელს ეგზავნება სმს, თუ როდის მივალთ მასთან გეგმიურ-გამაფრთხილებელ სამუშაოებზე. თუკი არ დაგვხვდა სახლში, ვუკავშირდებით ტელეფონზე და ვუთანხმდებით მისთვის სასურველ დროს. ხდება ყველა ხელსაწყოს შემოწმება, რამდენად სწორად არის დამონტაჟებული. თუ ისეა დამონტაჟებული, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე მეზობლების საკუთრებას, ქონებას, ჩვენ მას ჩავხსნით და ვადებთ შესაბამის ლუქს. პრობლემას გვიქმნის გაქირავებული ბინები, როცა ერთ თვეში სხვა ცხოვრობს და რამდენიმე თვის შემდეგ - კიდევ სხვა. ასეთ დროს, ზოგჯერ უგულისყუროდ იქცევიან აბონენტები",- განმარტავს მერაბ კუბლაშვილი. 

მისივე თქმით, მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რამდენად სწორად ახდენს დამონტაჟებული გაზხელსაწყოების ექსპლუატაციას მომხმარებელი. ამიტომ, 
შემოწმებებისას "სოკარ ჯორჯია გაზის" თანამშრომლები აბონენტებს ინსტრუქტაჟსაც უტარებენ, რა დროს როგორ უნდა მოიქცნენ. 

"გაზის სუნის შემთხვევაში იმ წუთას უნდა გამოაღონ ფანჯარა; არავითარ შემთხვევაში არ აანთონ ნათურა და აუცილებლად დარეკონ 16-114-ზე. ჩვენი საავარიო სამსახური მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მაგალითად, ქუთაისში 2 ეკიპაჟი დგას, დილიდან მეორე დილამდე (შემდეგ იცვლებიან) და ვალდებულები არიან სამსახურიდან 5 წუთში გავიდნენ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს მოვალეობაში არ შედის გაზის ხელსაწყოების შეკეთება და რემონტი, ამისთვის უნდა მიმართონ სპეციალისტებს", - ამბობს მერაბ კუბლაშვილი. 

რას უნდა მიაქციონ აბონენტებმა ყურადღება გაზქურასა და წყლის გამაცხელებლების მოხმარებისას - კუბლაშვილი "ქუთაისიპოსტთან" ამაზეც საუბრობს. 

"როცა ჩართულია გაზქურა, ნორმაშიც წერია, რომ სამზარეულოში უნდა იყოს გასანიავებელი პატარა სარკმელი, ან მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა - ევრო გაღებაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? - შეიძლება არსად ჟონავდეს გაზი, მაგრამ როცა წვა მიმდინარეობს, მას ესაჭიროება გარკვეული რაოდენობის ჟანგბადი. თუ ყველაფერი დახურულია, ჟანგბადის შემცველობა იკლებს, გადადის არასრულ წვაში და შეიძლება დაიწყოს ნახშირჟანგის გამოყოფა. ამიტომ არის აუცილებელი სარკმელი ოდნავ იყოს შეღებული. ამასთან, კატეგორიულად აკრძალულია სველ წერტილებში გაზის ხელსაწყოების დამონტაჟება. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვთ, ჩვენს რჩევებს დაექვემდებარონ, დაგვიჯერონ და დროულად მოგვმართონ",
- განმარტავს მერაბ კუბლაშვილი. 

მისივე თქმით, გაზხელსაწყოების შემოწმება უფასოა და ამისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: 16-114.

ქუთაისში "სოკარ ჯორჯია გაზს" 80 000 აბონენტი ჰყავს. შესაბამისად, ყოველწლიურად, ამდენივე მომხმარებელი მოწმდება.


Print