ახალი ამბები
"არა კერძო საკუთრების ხელყოფას" - აქცია სასამართლო პროცესის დაწყებამდე
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში  კაფე "სავანის" მეპტარონეებმა და მისმა მხარდამჭერებმა  პროცესის დაწყებამდე საპროტესტო აქცია გამართეს.
"არა კერძო საკუთრების ხელყოფას", "გადავარჩინოთ სავანე" -  ამ  სლოგანით ადგილზე კაფე- ბარის მფლობელები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

მათი მოთხოვნაა შეუნარჩუნონ ქუთაისს ,,სავანე".

ქუთაისის მერია ობიექტის მფლობელებს ტერიტორიის დაცლას და 200 ათას ლარამდე საიჯარო თანხის გადახდას სთხოვს. საქმეს მოსამართლე დარინა აბულაძე განიხილავს.

"სახელმწიფო ჩვენს წინააღმდეგ რეკეტს ახორციელებს. სხვისი ქონების მიტაცების ტრადიცია გრძელდება. 4 წელია კაფეში შრომის საშუალება არ გვეძლევა. ეს დანაშაულია, კაფე ჩვენი საკუთრებაა და ადგილობრივ მთავრობას მისი დანგრევის უფლება არ აქვს. ჩემი და ჩემი ოჯახის ქონების ხელყოფას მერია გაყალბებული დოკუმენტებით ცდილობს," - ამბობს კაფის ერთ-ერთი მფლობელი  გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიასა და "სავანეს" მფლობელებს შორის სასამართლო პროცესი 12 :00 საათზეა ჩანიშნული. სწორედ დღევანდელ პროცესზე გაწყდება მერია დაანგრევს თუ არა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში  მდებარე კაფეს. 

წინა სასამართლო პროცესზე, მერიამ კაფე-ბარის მეპატრონეებს იმ ახალი კაფის სასყიდლით გადაცემა შესთავაზა, რომლის მშენებლობაც "სავანეს" ნაცვლად იგეგმება.

ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა წლების წინ დაიწყო. მერია ტურაბელიძეებს იმ მიწას ედავებოდა, რომელზეც ,,სავანე’’ დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, თანაც კანონის მიხედვით, შენობა და მიწა განუყოფელია. მერია კი აცხადებდა, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა. 


ამავე თემაზე:



Print