ახალი ამბები
თუ მედპერსონალი მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, კლინიკებს 3-ჯერ მეტი ოდენობის თანხა დაუკავდება
FaceBook
2024 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება.
ექიმებისა და ექთნების შემდეგ, მინიმალური სახელფასო ზღვარი ახლა უკვე უმცროს ექიმებს, ექთნის თანაშემწეებს, ბებიაქალებსა და სანიტრებს დაუწესდებათ, პროცესს კი მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

აღნიშნულ  თუ სამედიცინო პერსონალი მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, კლინიკების მიმართ მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

კერძოდ, თუ კლინიკას დასაქმებულთა მიმართ ასანაზღაურებელი ექნება X თანხა, დაწესებულებას სამჯერ მეტი დაუკავდება და არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული საათობრივი ანაზღაურების სრულად გაცემა.

„შრომის ინსპექციას შეუძლია გამოიყენოს ასეთი მექანიზმი: დავუშვათ კლინიკას მისაღები აქვს 100 000 ლარი, თუ ამ კლინიკამ დააგვიანა ხელფასის გაცემა ან ზღვარზე ნაკლები გასცა ექიმებისა და ექთნებისთვის, ამ შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური წერს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს რომ სამმაგი ოდენობით დაუკავოს თანხა იქამდე, ვიდრე სრულად არ აუნაზღაურდება სამედიცინო პერსონალს დავალიანება“,- განმარტავენ „ქუთაისიპოსტთან“ შრომის ინსპექციის პრესსამსახურში.

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, როგორც უწყებაში ამბობენ, ისინი ახორციელებენ გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას. ასევე, შრომის კოდექსით აქვთ მინიჭებული როგორც გაფრთხილება, ისე დაჯარიმება.

„შრომის ინსპექციას აქვს გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შედიან სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის სამედიცინოში. ასევე ამოწმებენ საჩივრის საფუძველზეც. მაგალითად, რომელიმე ექიმმა ან ექთანმა თუ შემოიტანა ინსპექციაში საჩივარი, რომ მისი უფლება ირღვევა, ამ შემთხვევაში, თუნდაც იმის მხრივ, რომ ნაკლები ანაზღაურება მიიღო, რომელიც კანონით არის დადგენილი, ინსპექცია შევა, შეისწავლის იქ არსებულ სიტუაციას და გასცემს შესაბამის სანქცია/ჯარიმას თუ გაფრთხილებას, რაც არის საჭირო დარღვევიდან გამომდინარე“,- აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საჩივრის ავტორის ანონიმურობა სრულად იქნება დაცული, თუ ის ამას მოითხოვს.

„ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს ისე, რომ დამსაქმებელმა საერთოდ ვერ გაიგოს საჩივრის საფუძველზე შედის ინსპექცია, თუ თავისი გეგმა-გრაფიკიდან გამომდინარე. ანონიმურობის დაცვის 100%-იან გარანტიას გასცემს უწყება“,- განმარტავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

მათივე ცნობით, მინიმალური ანაზღაურების რეფორმა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ სტაციონარის სრულ სტაფს მოიცავს და ის 6 ათასამდე სამედიცინო პერსონალს შეეხება.

ახალი რეგულაციით, უმცროსი ექიმის მინიმალური ანაზღაურება თვეში, არანაკლებ 960 ლარი იქნება (საათში - 5 ლარი), ექთნის თანაშემწის - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი), ბებიაქალის - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) და სანიტრის - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი).

მინიმალური ანაზღაურების პირველი ეტაპი, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წლიან ამოქმედდა, როდესაც ექიმისთვის და ექთნისთვის მინიმალური ანაზღაურება დაწესდა. შედეგად, სამუშაო პირობები 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა.

Print