ახალი ამბები
2023 წლის იანვარ-სექტემბერში, ქუთაისის აეროპორტი 1 216 197 მგზავრს მოემსახურა
FaceBook
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 216 197 მგზავრს მოემსახურა.

ეს მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას 100%-ით აღემატება, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე კი 93%-ით მეტია. 

უწყების ცნობითვე, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4 529 466 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას 37%-ით აღემატება.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას კი 9%-ით აღემატება, რაც პირველი შემთხვევაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

უწყების ცნობით, იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 19 460 რეისი შესრულდა.

„2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 101%-ს შეადგენს.

2022 წლის 9 თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 66%-ით, იგივეა ზრდის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სულ, გასულ 9 თვეში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 171 111 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა“,- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2023 წლის ცხრა თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 13 166.292 ტონა შეადგინა. შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი.

Print