ახალი ამბები
საჩხერის მუნიციპალიტეტში მოზარდები მოიწამლნენ
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში, 9 მოზარდი ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობის გამო, მოიწამლა.

მოზარდები ინტოქსიკაციით საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი მაია ხელაძე განმარტავს, არცერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. 

„შემოვიდნენ ეს ბავშვები ემერჯენში, მსუბუქი ინტოქსიკაცია იყო, ეპიდემიოლოგიური სამსახურიც ჩართული იყო საქმეში, ჰოსპიტალიზაცია არცერთს არ დასჭირვებია“,
- ამბობს მაია ხელაძე. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში - ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“ განახორციელეს. შემოწმებისას კი ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“.

"ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში).

ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა“,- განმარტავენ სააგენტოში. 

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით შესაბამის ღინისძიებებს ახორციელებს. 




Print