ახალი ამბები
"ფეხით ამოვდივარ, 73 წლის ქალი, ორი ჩანთით ხელში" - სორმონში უტრანსპორტობას აპროტესტებენ
FaceBook
წყალტუბოს სოფელ სორმონში მცხოვრებლები, უტრანსპორტობის გამო, თითქმის ყოველ დღე 8 კილომეტრს ფეხით გადიან.

სოფელში, სადაც 250 ადამიანი ცხოვრობს, უკვე მესამე წელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ კოვიდამდე ტრანსპორტი პერიოდულად დადიოდა და დღეში სამ რეისს აკეთებდა, კოვიდის შემდეგ კი  საერთოდ, ხაზი გაქუმდა. 

„მესამე წელია არ დადის ტრანსპორტი. გუმათის მარშუტიდან რომ გადმოვალ, ფეხით ამოვდივარ, 73 წლის ქალი, ორი ჩანთით ხელში, ამ ტყეში. 8 კმ. უნდა გაიარო, რომ წახვიდე და მოხვიდე. კვირაში ორი დღე მაინც იყოს ტრანსპორტი და ერთი რეისი გააკეთოს, ხომ შეიძლება?“,- ამბობს სორმონის მკვიდრი თამარ გაბრიჭიძე.

ადგილობრივები ახლა ერთმანეთის იმედად არიან. ვისაც ავტომობილი ჰყავს, დაჰყვებიან და თუ დროში ვერ დაემთხვივნენ, ფეხით უწევთ გადაადგილება.

„ტაქსის ფული არ გვაქვს. ზოგს მანქანა გვყავს, მაგრამ შეიძლება საწვავი არ გვქონდეს და რა ვქნათ? ერთმანეთს დავყვებით, მაგრამ სულ ასე ხომ არ ხდება? ადრე რომ წავა ჩემი მეზობელი მანქანით, მე იმ დროს საქმე არა მაქვს, ვერ მივყვები და მივდივარ მერე ფეხით. ერთი ტრანსპორტი რა გახდა, რომ დაგვინიშნონ. ხალხი არა ვართ ჩვენ? რა დავაშავეთ?“
,- ამბობს ნანა გორგიძე.

საკითხთან დაკავშირებით, წყალტუბოს მერიაში განმარტავენ, რომ ტრანსპორტმა მუშაობა მგზავრთა სიმცირის გამო შეწყვიტა, თუმცა იგეგმება თუ არა სამარშუტო ხაზის კვლავ დაბრუნება, ამაზე ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში პასუხი არ არის. 

სოფელ სორმონში მოსახლეობას, გადაადგილებასთან ერთად, წყლის პრობლემაც აქვს. შესაბამისად, ადგილობრივებს წყლის ზიდვა, ქუთაისიდან, სორმონის გზაზე ფეხით უწევთ.  

აღსანიშნავია, რომ სორმონში მოსახლეობას არც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდა. მათი 30-წლიანი პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც საკითხით "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა. სააგენტოს მიერ მასალის მომზადების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სოფლის შიდა გზა გაუკეთა.


ამავე თემაზე:

უწყლო სოფელში მერია წყალს "ხედავს"

"არ არის წვიმა, არაა წყალი“ - წყალტუბოს სოფელში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ამორტიზებული გზა და გადაადგილების პრობლემა - სორმონის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ

Print