ახალი ამბები
ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციისთვის 14.6 მილიონი ლარია განსაზღვრული
FaceBook
გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ, ჭიათურაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.
ამ მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, 14 589 993 ლარის ტენდერს [NAT230019866] აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე და ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.

„ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას. სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით. პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ჯამურად არანაკლებ 14 000 000 ლარის ან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 5 000 000 ლარისა", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

პრეტედენტმა სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დაასრულოს. საგარანტიო ვადად კი მიღება-ჩაბარების აქტიდან 5 წელია განსაზღვრული.

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია საქართველოში. მისი მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1949 წელს დასრულდა.

თეატრში კაპიტალური რემონტი გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.

თეატრის დარბაზი, სკამები, კედლები გადაუდებელ რეკონსტრუქციას მოითხოვს. ნესტის გამო დაზიანებულია ჭერისა და კედლის მხატვრობაც.

თეატრის მესვეურების მხრიდან, ბევრი მცდელობის მიუხედავად, თეატრს ამ დრომდე არ გამოუჩნდა არც კერძო სპონსორი და არც სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიძებნა შესაბამისი თანხა.


Print