ახალი ამბები
მოზარდების ძალადობა თანატოლზე - იდენტიფიცირებულია ყველა პირი
FaceBook
ქუთაისში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ სცემს რამდენიმე არასრულწლოვანი  თანატოლს.

ჯერჯერობით უცნობია მოზარდები, რომელი სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იდენტიფიცირებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი.

„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში არასრულწლოვანთა გამოკითხვა მოხდა მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრული დაცვით. განხორციელებულია კანონით დადგენილი რეფერირების პროცედურა. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,- აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შშმ პირის ან ორსული ქალის მიმართ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.




Print