ახალი ამბები
"კედლები არის დახსნილი, გვეშინია ბავშვების გაჩერების" - რა ხდება ქუთაისის საბავშვო ბაღში
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდა, თუმცა შენობის დაბზარული კედელი ადმინისტრაციამ მხოლოდ ახლა შეამჩნია.
საუბარია მე-14 საბავშვო ბაღის მთავარი შენობის ფლიგელზე, რომლის ერთი ოთახის კედელს ნაპრალი აქვს გაჩენილი. მოშენებული სივრცე კი, მხოლოდ ახლა დახურეს და იქ მყოფი ბავშვები სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილეს.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართეს და შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით დასკვნას ელოდებიან.

„იყო ბზარი, მაგრამ ახლა ქარები რომ იყო, ჩამოვარდა რამდენიმე ნაწილი კიდე და იმ წუთასვე მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს. მშობლებს შევხვდით, ვესაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, დავამშვიდეთ. ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის შენობის მდგრადობას. ველოდებით იქიდან დასკვნას, მანამდე ის ოთახი დაკეტილი გვაქვს“,- ამბობს დავით წიტაიშვილი.

მშობლები კი შიშობენ, რომ თუკი ფლიგელი დაინგრევა, საფრთხე მთავარ შენობასაც შეექმნება.

„თუკი დაინგრევა მოშენებული შენობის ნაწილი, აუცილებლად დაანგრევს და წამოიყოლებს ძველსაც. შესაბამისად, ის ნარატივი რომ ეს ძველი შენობა არის უსაფრთხო და შეიძლება ბავშვები იყვნენ იქ, არის არასწორი“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

საფრთხისშემცველი შენობის გამო, დედების ნაწილს ბავშვები ბაღში აღარ დაჰყავთ, ნაწილი კი შვილის სხვაგან გადაყვანას გეგმავს.

"ბაღში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები არის სრულიად დახსნილი, შუქი ჩამოდის და არა მარტო ახალ მიშენებულ ოთახებში, ძველ შენობაშიც უკვე დაწყებულია ბზარი და ჭერიც დაზიანებულია დარბაზის ოთახში. რა თქმა უნდა გვეშინია, ბევრმა გადაიყვანა, ზოგს საერთოდ არ დაგვყავს, ვაპირებთ გადაყვანას“, - განმარტავს ერთ-ერთი მშობელი.

„არის თქმა უნდა ბზარები, არ არის ეს ცრუგანგაში, მაგრამ უნდა შეისწავლონ შენობა, სხვა მხრივ ბაღი არის ძალიან კარგი. ამ დრომდე არ მეშინოდა და ახლა რომ გაჩნდა ეს ბზარები, თავისთავად, გაჩნდა შიშიც“, - ამბობენ მშობლები.

ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღში 200-მდე აღსაზრდელი და 40-მდე თანამშრომელია.


Print