ახალი ამბები
NGO-ები შოვსა და გურიაში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ
FaceBook
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები; რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება; შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება; ვის უნდა დაეკისროს პასუხიმგებლობა, რა ხარვეზები არსებობს

უსაფრთხოების სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად - ეს ის საკვანძო საკითხებია, რაზედაც NGO-ები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან პასუხებს ითხოვენ.

მათივე განმარტებით, წარსულში განვითარებულმა მსგავსმა და ამ კონკრეტულმა შემთხვევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი სისტემური პრობლემები სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემის არარსებობის, მოვლენების მართვისა და სათანადო რეაგირების საკითხებთან მიმართებით.

„ამასთან, პრობლემურია მსგავსი ტიპის შემთხვევებზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება, რაც სავსებით ობიექტურად იწვევს დაზარალებულებისა და საზოგადოების უნდობლობას. გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი, რაც იმთავითვე აჩენს კითხვებს გამოძიების შედეგების მიმართ. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირებზე „თავდასხმას“ და მათი მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს და იგი გენერალურმა პროკურატურამ აწარმოოს.

„ამასთან, მოხდეს დაზარალებულთა უფლებამონაცვლედ ცნობა და მათ მიეცეთ უფლებების ჯეროვანი რეალიზაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ადვოკატებს მიეცეთ საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს დროულად და პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, შეწყდეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, მედია საშუალებებს კანონით დადგენილ ვადებში სრულად მიეცეთ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, შესწავლილ იქნეს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩართო სტიქიური მოვლენების მართვასთან დაკავშირებით და დაიწყოს სისტემური მუშაობა სტიქიების ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნის მიზნით“,- აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC),
საფარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).

საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულ ორ მასშტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას, რაჭასა და გურიაში, 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

შოვში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანთა გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაიწყო, რაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე 1.5 თვეა გასული, მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.


Print