ახალი ამბები
ტერიტორია, რომელზეც კედრის ხეები გაჩეხეს, სასტუმრო "ქუთაისი ინნ"-მა იყიდა
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ასსაფეხურიან კიბესთან მდებარე ტერიტორია  სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-მა შეიძინა.
ამის შესახებ „ქუთაისიპოსტის“  მიერ „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისგან“ გამოთხოვილ წერილში ვკითხულობთ.

საუბარია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 190 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მსხვილმერქნიანი კედრის ჯიშის ხეებით იყო დატვირთული.

აღნიშნული პერიმეტრის მფლობელი სახელმწიფო იყო, რომელმაც ჯერ 25-ზე მეტი ძირი  ზრდასრული კედარი მოჭრა, შემდეგ კი მიწის ნაკვეთი გაასხვისა.   

აუქციონი 31 აგვისტოს დამთავრდა. 190 კვ.მ. მიწის ნაკვეთი „ქუთაისი ინნ“-მა 75 000 ლარად შეიძინა. რაც შეეხება ტერიტორიის მიზნობრივ დატვირთვას, როგორც აუქციონის გვერდზეა მითითებული, ქონების გამოყენება როგორც საცხოვრებელი ასევე, კომერციული მიზნებისთვისაა შესაძლებელი.

აღმაშენებლის გამზ. N2-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვას, რისთვისაც მწვანე სექტორი განადგურდა, მესამე სექტორში პროტესტი მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ევროპა ჩვენი სახლია“-ში ამბობდნენ, რომ ამ პროცესში ბიზნესს ინტერესები იკვეთებოდა და ჯანმრთელი ხეების მოჭრა რომ ტერიტორიის "მოსუფთავების" მიზნით მოხდა, მარტივად გამოსაცნობი იყო.

მათივე თქმით, ფერდის მდგრადობა, რომელზეც ხელისუფლებამ საუკუნის გამწვანება გაანადგურა და ეროზიისთვის გაწირა, ახლა ეჭვის ქვეშ დგება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, კედრის ხეების გაჩეხვის შემდეგ, ტერიტორიას ყიდიან

"ეს არის ვერაგული აქტი, მოჭრილია 25-ზე მეტი კედარი" - ქუთაისში, მწვანე სექტორი განადგურებულია


Print