ახალი ამბები
საია - თანამშრომლების გასაკონტროლებლად ვიდეოთვალთვალი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევაა
FaceBook
იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობას სათვალთვალო მონიტორით აკონტროლებს.


"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის.

ამავე კანონის თანახმად,  ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

"სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია", - ამბობს  საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი. მისი განმარტებით, თანამშრომლების გამოცხადების გასაკონტროლებლად ვიდეოთვალთვალი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევაა.

საიაში განმარტავენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციებით რეალურ დროში მონიტორინგი უნდა შეეძლოთ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილ პირებს (მაგ. დაცვის ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს) და ეკრანზე გამოსახულება ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს სხვა პირებისთვის. ხოლო, ვიდეოჩანაწერზე წვდომა (მათ შორის ვიდეოთვალთვალის კონტროლის ოთახში შესვლის უფლება) უნდა ჰქონდეს პირთა შეზღუდულ წრეს პირდაპირი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე.

როგორ გამოიყურება იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, პაატა ნადირაძეს სამუშაო კაბინეტი, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.


Print