ახალი ამბები
საქართველოში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 17.1%-ით გაიზარდა
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.1%-ით, ანუ 263.2 ლარით გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2%-ით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1%-ით); მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1%-ით).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 161.6 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საანგარიში პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 289.0 ლარით, ანუ 17.8%-ით გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი 3 909.0 ლარი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია. შემდეგ მოდის პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფერო - 2 895.4 ლარი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 213.4 ლარით, ანუ 15.3%-ით გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

ამასთან, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ლიდერობს.




Print