ახალი ამბები
"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ ხერხდება
FaceBook
2022 წლის დეკემბერში, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობდა, რომ მომდევნო, ანუ 2023 წელს, ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნებოდა.

წლის დასრულებამდე 3 თვე-ნახევარი რჩება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნებიან.

მერიაში პრესსამსახურში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ელექტროავტობუსების შემოყვანაზე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობენ, თუმცა როდის განხორციელდება აღნიშნული, ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ.

"მიმდინარეობს მუშაობა „კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვით ცენტრთან“ ერთად. გრანტის ფარგლებში შევიძენთ 2 ელექტროავტობუსს, რომელიც დაინიშნება აეროპორტის მიმართულებით. ზუსტ ვადებზე ვერაფერს გეტყვით“,- ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ მოხერხდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევს.

ამ საკითხზე წლებია წუხს ტურიზმის სექტორიც. მათი შეფასებით, მაშინ, როცა ქალაქის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა, ტურისტებს ქალაქში შემოსვლის სურვილს უკარგავს.


ამავე თემაზე:

2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს

Print