ახალი ამბები
"გვიფუჭდება პროდუქტი, ვზარალდებით"- წყალტუბოს ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ
FaceBook
წყალტუბოში სურსათის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, იმის გამო, რომ მყიდველებს პროდუქტი შუა ქუჩაში ხვდებათ გამოტანილი, იქვე ურჩევნიათ შეძენა და ბაზარში აღარავინ შემოდის.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამის გამო თავად სარგებელს ვერ ნახულობენ. ამას ემატება დახლის თანხის საფასურის გადახდაც, დღეში - 4 ლარის.

„როცა ვერ ვვაჭრობთ, პროდუქტი, რომლის რეალიზებასაც ვახდენთ (ხილი, ბოსტნეული) გვიფუჭდება, რადგან აქამდე არავინ მოდის, როგორი გადასახდელია ჩვენნაირი ადამიანებისთვის თვეში 120 ლარი? თუკი კანონმორჩილები უნდა ვიყოთ, მაშინ კანონს დაემორჩილონ ის ადამიანებიც, რომლებიც ბაზრის გარეთ ვაჭრობენ. ცარიელია შიგნით დახლები, შემოვიდნენ აქ და ივაჭრონ“,- ამბობს მოვაჭრე თამარა ალხაზაშვილი.

მათი თქმით, წყალტუბოს მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ. 

„მოგვაქციონ ყურადღება! ჩვენნაირი ადამიანები მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ, არჩევნების შემდეგ კი მოტყუებულები ვრჩებით. როდემდე შეიძლება გვქონდეს ერთი და იგივე პრობლემა?“, - აცხადებენ ისინი.


გარევაჭრობა წყალტუბოში

თუ რა გეგმა აქვთ გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად, ამაზე წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ, რასაც 10 სამუშაო დღე სჭირდება. 

ბაზრის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ გარევაჭრობა წლების მოუგვარებელი თემაა, რაზედაც არცერთი შესაბამისი უწყება არ რეაგირებს. 

"წყალტუბოს მერიას, ზედამხედველობის სამსახურს, შსს-ს - ყველას მივმართეთ წერილობით თუ ზეპირად, მაგრამ ისინი ვერ შვებიან ვერაფერს და ჩვენ რა ბერკეტი გვაქვს? ჩვენთვისაც დიდი დანაკარგია, ირგვლივ შემორტყმულები ვართ გარემოვაჭრეებით, მაგრამ რა უფლება გვაქვს შემოვიყვანოთ აქ? უნდა იყოს კანონი და აიკრძალოს საერთოდ გარევაჭრობა",- განმარტავს ბაზრის დირექტორი ბადრი ნადარაია.

წყალტუბოს ბაზარში 50-ზე მეტი მოვაჭრეა აღრიცხული.


Print