ახალი ამბები
EMC ტყიბულში გაფიცულ მეშახტეთა მხარდასაჭერ აქციას უერთდება
FaceBook
აქცია ხვალ არის დაგეგმილი.


ტყიბულში გაფიცული მეშახტეების მხარადსაჭერ აქციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი უერთდება. აქცია ხვალ არის დაგეგმილი.

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშები მიმდინრე წლის 15 თებერვალს გაიფიცნენ. მათი პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. გაფიცულია დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 1500-მდე მუშა.

გაფიცული მუშების მოთხოვნაა ხელფასის 40%-ით მომატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე საგაფიცვო პერიოდის შემდგომ, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების გარანტიების გაცემა.

გაფიცვამდე თვენახევრით ადრე, 2016 წლის 8 იანვარს, საკუთარი მოთხოვნები წერილობითი ფორმით წარუდგინეს საწარმოს, რაც კოლექტიური დავის გადასაწყვეტად მოლაპარაკების დაწყების პროცედურას გულისხმობდა. მიუხედავად, დასაქმებულთა მცდელობისა დავა შემათანხმებელი პროცედურით გადამწყდარიყო, მიმართვას საწარმოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დასაქმებულთა ნაწილობრივი და მოგვიანებით სრული გაფიცვის მიზეზი გახდა.

"ამ ეტაპზე მმართველი კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელობა მუშების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს და მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, რითაც ჩიხში შეყავს პროცესი და პრობლემის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის შესაძლებლობას სპობს. საწარმო, რომელიც დასაქმებულთა მოთხოვნებს სრულად აიგნორებს, ტყიბულის მაჟორიტარისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმაც ვერ იქნია გავლენა მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობის შესახებ. EMC მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა მოთხოვნები ლეგიტიმურია და მხარს უჭერს მათ. სოლიდარობისადა გაფიცულთა მხარდაჭერის მიზნით,EMC-ისა და სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფებისწარმომადგენლები დასაქმებულთა აქციას შეუერთდებიან", - აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

1 იანვრიდან საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოუხსნა მაღალმთიანი ზონის სტატუსი, რამაც მეშახტეებისათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამოიწვია და დასაქმებულთა შემოსავალი შეამცირა.
Print