ახალი ამბები
2023 წლის მე-2 კვარტალში, საქართველოში, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 14%-მდე გაიზარდა
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე, 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 289.6 ათასით განისაზღვრა.

ამასთან, მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 600.2 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 13.8%-ით გაიზარდა, მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 24.9%-ით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 670.6 ათასით განისაზღვრა, რაც 18.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, ვიზიტორების 36.6% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 35.0% თბილისის მაცხოვრებელია, 16.5% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.3% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ვიზიტების უმრავლესობა – 45.7% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 233.3 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით მეტია. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 10.5%-ით შემცირდა და 145.8 ლარს გაუტოლდა.

Print