ახალი ამბები
ხონში, განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სააუბარია გასული წლის 17 დეკემბერს ხონში მომხდარ შემთხვევაზე.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, ხონში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ორ პირს. მოგვიანებით ბრალდებულს ერთ-ერთ დაზარალებულთან მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 18 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა",- აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებული, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ 6 პირი ცნო, რომლებსაც 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

Print