ახალი ამბები
„ჩვენ აღმოვჩნდით საერთოდ მოუმზადებლები სტიქიასთან ბრძოლისთვის“ - ნინო ჩხობაძე
FaceBook
„პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, ისევ და ისევ გამომდინარეობს გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან და ჩვენ აღმოვჩნდით საერთოდ მოუმზადებელი ასეთ სტიქიასთან ბრძოლისთვის", - განაცხადა "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.

მისი ინფორმაციით, გურიაში დიდი ხანია დაკვირვება მიმდინარეობს სპეციალისტების მხრიდან. მათი შეფასებით, კლიმატის ცვლილების გამო მეწყერსაშიში ზონები გააქტიურებულია და მძიმე მდგომარეობა იკვეთება.

„თურქეთში იყო ძალიან ძლიერი ნალექი და ეს ნალექი ციკლონის სახით მოედინება აქეთ. ფაქტია, რომ ისედაც მყიფე გეოლოგიურ მდგომარეობაში, რაც ძალიან პრობლემატურია, რა თქმა უნდა, წარმოიშვა წყალდიდობა და არის ძალიან სერიოზული მომენტი“, - განაცხადა ჩხობაძემ

მისი თქმით,  საქართველო კლიმატის ცვლილებების წინაშე სრულიად მოუმზადებელია.

ჩხობაძის განმარტებით, ყველგან, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, ტექნიკური დათვალიერებები უნდა მოხდეს, რადგან კლიმატის ცვლილებების ფონზე საფრთხეები გაზრდილია.

"ჩვენ თუ ერთხელ და სამუდამოდ ვერ დავიმახსოვრეთ, რომ ნაპირების პირველ ტერასაზე მშენებლობა უნდა აიკრძალოს დირექტიულად და მკაფიოდ, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავალთ ფონს. ფაქტობრივად, ყველგან რაღაც ტექნიკური დათვალიერებები უნდა მოხდეს, სადაც ვიღაც რაღაცას აშენებს, აშენებდა ან ააშენა. შეიძლება დიდი ხნის წინ იყოს აშენებული, მაგრამ სიტუაცია ცვლადია და მოითხოვს გადახედვას იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე საფრთხეები იცვლება", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
არის ადამიანთა მსხვერპლი.

Print