ახალი ამბები
სანატორიუმი „წყალტუბო“ 2.6 მილიონად გაიყიდა - ადგილზე 100 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა
FaceBook
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2 600 000 ლარად გაყიდა.
მთავრობის მიერ ინიცირებული საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, რუსთაველის N48-ში მდებარე უძრავი ქონება კომპანია „გოლდენ თაუერსმა“ შეიძინა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს“გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, ტერიტორიაზე, მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს.

აღნიშნულისთვის კომპანია 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ გასაყიდად 14 ობიექტი 2022 წლის 5 ივლისს გამოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 50 მლნ ლარია.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“, რომელთა რეალიზებით სახელმწიფომ ჯამურად 11 582 300 ლარი მიიღო.

Print