ახალი ამბები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 69 ფაქტი გამოვლინდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ფაქტებიდან 25 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 13 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 9 - სამცხე-ჯავახეთის, 7-7 ფაქტი შიდა ქართლის და იმერეთის, 4 - გამოვლენილია გურიის, ხოლო 1 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

როგორც სატყეო სააგენტოში განმარტავენ, სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

უწყების ცნობით, 2023 წლის აგვისტოში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 85 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის 50 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი.

რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 739 ფაქტია გამოვლენილი, ”საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1245 კუბური მეტრი შეადგინა.

Print