ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზმა" წარმოება შეამცირა - კომპანიამ 11 ღუმლიდან 8 გააჩერა
FaceBook
„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის განცხადებით, კომპანიამ, 1-ლი სექტემბრიდან, საწარმოო სიმძლავრეები 25%-მდე შეამცირა, 11-დან 8 ღუმელი კი გათიშა.
მისივე თქმით, დღემდე წარმოების სიმძლავრეს "ვარციხეჰესის" გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარჯზე ახერხებდნენ, ახლა კი ჰესის გენერაციაც შემცირებულია, რამაც ღუმელების გათიშვა გადააწყვეტინათ.

„სრულ საწარმოო სიმძლავრეზე მუშაობის დროს, თვის განმავლობაში, 20 ათასი ტონა სილიკონ-მანგანუმის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს. ამჟამად, 75% გათიშული გაქვს და 25%-იან სიმძლავრეზე ვართ დასული. ანუ, დაახლოებით 5 000 ტონა სილიკონ-მანგანუმის წარმოებაზე. ეს შეესაბამება ელექტროენერგიის იმ მარაგს, რომელსაც „ვარციხჰესების“ კასკადი გამოიმუშავებს და რაც მუშაობის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა თუთბერიძემ BM.GE-სთან.

მისივე განმარტებით, საწარმოო სიმძლავრეების შემცირების მიუხედავად, კომპანია თანამშრომლებს ხელფასებს საკუთარი რესურსით უხდის.

„ყველა თანამშრომელს სახელფასო ანაზღაურებას მოზიდული თანხებით ვუხდით, უკვე ერთი წელია ასე ვართ. არსებული მზა პროდუქციის მარაგების გირავნობის ქვეშ, გარე დაფინანსების წყაროების მოსაზიდად გათვლებს ვაკეთებთ, რათა მიმდინარე და მომდევნო წლის პირველი კვარტალი გავიაროთ, სანამ კრიზისი არ გადაივლის.

მოლოდინებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში - 6 თვეში, გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად გვესახება თანამშრომლების ხელფასების გადახდის შესაძლებლობა და წარმოების გაგრძელება იმ სიმძლავრეებით, რაც ამისთვის საჭირო იქნება. დღეს ჩვენი გაყიდვები, რაც ხდება, და ბაზარზე არსებული ფასი თვითღირებულებაზე $200-ით იაფია“, - განმარტა ლაშა თუთბერიძემ.

კითხვაზე: როდემდე შეძლებს კომპანია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას, „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რომ პრობლემები არ შეიქმნას.

„ჩვენ ივნის-აგვისტოში ექსპორტზე 17 500 ტონა საქონელი ამერიკაში გავიტანეთ, ჩვენს ტრეიდერთან. ეს პროდუქტი არავის ესაჭიროება, უბრალოდ მისი გირავნობით  20 მილიონი დოლარის სესხი ავიღეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გავყიდეთ. დასაწყობებული გვაქვს ამერიკაში. სწორედ ამით ვახერხებთ საწარმოს რჩენას. მარაგებს რაც შეეხება - დაახლოებით 200 ათასი ტონა გვაქვს დასაწყობებული“, - აღნიშნა მან.

ლაშა თუთბერიძემ განმარტა ისიც, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მეტალური სილიციუმის წარმოებაზე მუშაობს და აღნიშნული მიმართულებით 18 მილიონი დოლარის ინვესტირებაა განსაზღვრული.

„ვცდილობთ, ჩვენი ბიზნესის დივერსიფიკაციას. ჩვენ შექმნილი გვქონდა ახალი პროდუქტი საქართველოსთვის - ეს არის მეტალური სილიციუმი. აღნიშნული მიმართულებით ინვესტიციაზე, რომელიც დაახლოებით 18 მილიონი დოლარის ოდენობით არის განსახორციელებელი, ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან ვმუშაობთ.

ჩვენ ეს პროდუქტი მცირე ოდენობით უკვე შევქმენით. ეს იქნება ძალიან დიდი სიახლე საქართველოსთვის. ეს პროდუქტი მოგვცემს საშუალებას, რომ როცა პრობლემებია ფერო-სილიკომ-მანგანუმის და ფერო-მანგანუმის ბაზარზე, დივერსიფიცირება მოვახდინოთ მეტალური სილიციუმით, რომელიც დღეს ძალიან ახალი და მოთხოვნადი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

Print