ახალი ამბები
"წარმატებული ფეხბურთელი იყო კარლო კალაძე და ამიტომაც გახსნა მან"
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ქალაქის შესასვლელთან, ფეხბურთის ბურთის ძეგლი დადგეს.

ინიციატორი ადგილობრივი შორენა ამაღლობელია, რომელმაც კონსტრუქცია კახა კალახის მამასთან, კარლო კალაძესთან ერთად, მის დაბადების დღეზე, საზეიმო ვითარებაში გახსნა.

შორენა ამაღლობელის თქმით, ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს, ამიტომ ის სამტრედიელებს ეძღვნება და არა კონკრეტულ ადამიანებს. 



„წლების წინ სამტრედია ოქროს ასოებით ჩაიწერა, რომ ფეხბურთში პირველი იყო და გვასახელა დიდმა სამტრედიელმა, დიახ, კახი და კარლო კალაძეებმა. მსოფლიომ გაიგო, რომ სამტრედიაში არსებობდნენ კარგი ფეხბურთელები. ამასთან, მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ ფეხბურთის. როგორც კარგი, წარმატებული ფეხბურთელი და ცნობილი სახე ფეხბურთში იყო ბატონი კარლო კალაძე და ამიტომაც გახსნა მან“,
- ამბობს შორენა ამაღლობელი.

მისივე თქმით, ძეგლი საკუთარი ფინანსებით დადგა, თუმცა რა დაუჯდა, ამას არ აკონკრეტებს.

"ჩემი ფინანსებით გავაკეთე, მე არასოდეს მიყვარს ციფრი, ფულზე საუბარი, ერთს გეტყვით: ბევრი გვეკეთებინოს ყველას. ამაზე სამტრედიის მერიას ერთი თეთრი არ დაუხარჯავს, ეს გავაკეთე ჩემი სახელით“,- განმარტავს ამაღლობელი.

აღნიშნულ ინიციატივასთან მის ოჯახს რომ კავშირი არ აქვს, ამას ამტკიცებს თავად კახი კალაძეც.

კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი კარლო კალაძის პატივსაცემად, თბილისის მერი პასუხობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს.

„ვის გჯერათ, რომ მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ძეგლი? ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, სამტრედიაში მცხოვრები იმ ადამიანების, ვისაც უყვართ ფეხბურთი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ძეგლი სამტრედიის შესასვლელთან  2 სექტემბერს გაიხსნა.
Print