ახალი ამბები
იმერეთში უკანონო ნადირობის 26 ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, იმერეთში უკანონო ნადირობის 26 ფაქტი დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა, მათგან: მცხეთა-მთიანეთში - 30; იმერეთში - 26; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 11, შიდა ქართლში - 10, კახეთში - 7; სამცხე-ჯავახეთში - 7; ქვემო ქართლში - 3; აჭარაში - 3.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები, აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 „მანოკი“,’’-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153.

Print