ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში, სახელმწიფოს მხრიდან, 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რათა აეროპორტმა თავის ფუნქცია-მოვალეობები სრულფასოვნად შეასრულოს.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებით, არამედ სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ აეროპორტს გააჩნია.

„ამიტომ ჩვენ გვჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და ექსპერტული დასკვნების შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს პროექტირება და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად, შევარჩევთ მშენებელ კომპანიას“,
– აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3.5 კმ სიგრძის იქნება და 18 თვეში უნდა იყოს დასრულებული.

„განახლებული აეროპორტი ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ყველა ტიპის ხომალდი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო“,- განმარტა მან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 90%-ით, ხოლო განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა 76%-ით მეტია.

ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც პანდემიამდე - 2019 წლის ივლისის პერიოდთან შედარებით, 2023 წელს რეისების რაოდენობა 94%-ით არის გაზრდილი.

Print