ახალი ამბები
საქართველოში, 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა
FaceBook
პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეს დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარია.

„მოგეხსენებათ, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს, სხვადასხვა კუთხით, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება.

ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც, სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

Print