ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა, ივნისს-აგვისტოში, კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინა
FaceBook
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინა.

ნებართვების გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქები თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გამოვლინდა.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა 33 პირის მიმართაა განხორციელებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ითვალისწინებს.

Print