ახალი ამბები
ქუთაისში არაფორმალური განათლების ცენტრის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი თეატრის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.

როგორც ცნობილია, აღნიშნული შენობა ფუნქციონირებას არაფორმალური განათლების ცენტრის სახით გააგრძელებს.

ეს იქნება ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც მერიამ ტენდერი [NAT230017724] უკვე გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 057 275 ლარს შეადგენს.

„საპროექტო ობიექტი არის ორსართულიანი, რომლის პირველი სართული დაზიანებულია, შესაბამისად, საჭიროებს რეაბილიტაციას. დაზიანებულია აგრეთვე კარ-ფანჯარა, შიდა კედლები და აღმოსავლეთ ფასადი.

სადემონტაჟო სამუშაოები გულისხმობს: აღმოსავლეთ ფასადიდან ნალესის მოხსნას, დაზიანებული კედლებისა და არსებული კარ-ფანჯრის დემონტაჟს და მათი ახლით ჩანაცვლებას. დაზიანებული სვეტების მოხსნას და ახლი კონსტრუქციის შექმნას“,- ვკითხულობთ საპროექტრო დოკუმენტაციაში.

ასე გამოიყურება ამჟამად შენობა:



ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, სივრცეების დაყოფის მიზნით მოხდება კედლების ჩამატება. ახლად შექმნილი სივრცეები კი გააერთიანებს: მიმღებს, საკონფერენციო ოთახს, სამუშაო სივრცეს, სამონტაჟო ოთახს, მულტიმედიის სივრცეს, სამზარეულოს, დერეფანსა და სველ წერტილს (მათ შორის სან-კვანძს შ.შ.მ. პირთათვის).

შენობის აღმოსავლეთ ფასადზე არსებულ აივნებზე დამონტაჟდება ლითონის მოაჯირები. შენობის დასავლეთ მხარეს მოეწყობა სარინელი.

პროექტით გათვალისწინებულია ცენტრის შენობის შიგა სათავსის და გარე პერიმეტრის ვიდეოსათვალთვალო სისტემის მოწყობაც.

ასეთი უნდა იყოს განახლებული შენობის შიდა სივრცეები:



სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 7 თვეში უნდა დასრულდეს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 14 სექტემბერს იწყება და 19-ში სრულდება.

Print