ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი: –"საკუთარ ობიექტურობაში დარწმუნებული ვარ"
FaceBook
თანამშრომელთა ნაწილი შიშობს, რომ დირექტორის კომისიაში ყოფნამ, შესაძლოა შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ხვალ თანამშრომელთა ტესტირება ჩატარდება. უკვე ცნობილია კომისიის შემადგენლობა, რომელიც თანამშრომლებს ტესტირებასა და გასაუბრებას ჩაუტარებს. 4 კაციან კომისიაში არის ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე.

კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე, თანამშრომელთა ნაწილი შიშობს, რომ კომისიაში ხელმძღვანელის ყოფნამ, შესაძლოა კონკურსის შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

"დირექტორის ხმა გადამწყვეტი იქნება და არ არსებობს გარანტია, რომ იგი პირადი სიმპათია–ანტიპათიით არ იმოქმედებს", – ამბობს ბიბლიოთეკის ერთ–ერთი თანამშრომელი, რომელმაც კონკურსის წინ, შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

კომისიის წევრობა საკუთარ თანამშრომლებთან მიმართებაში პრივილეგიას არ ნიშნავს თავად ბიბლიოთეკის დირექტორისთვის. ნარგიზა ჩოგოვაძე ამბობს, რომ იგი საკუთარ ობიექტურობაში დარწმუნებულია და კომისიაში მისმა ყოფნამ შედეგებზე არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

"მე ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს და დარწმუნებული ვარ, როგორც მათ პროფესიონალიზმში, ასევე საკუთარ ობიექტურობაში", –ამბობს ჩოგოვაძე.

დაწესებულების ხელმძღვანელის საკონკურსო კომისიის წევრობა პორცესში ხელისშემშლელ ფაქტორად არ მიაჩნია კომისიის კიდევ ერთ წევრს, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს, ვაჟა ჯუღელს.

"მეც ვიყავი კომისიის წევრი, როცა ჩემს ააიპ–ში ჩატარდა კონკურსი და მინდა გითხრათ, რომ პირიქით, ხელმძღვანელის კომისიაში ყოფნა თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია", – ამბობს ვაჟა ჯუღელი.

იგივეს ამბობენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც. მერიაში განმარტავენ, რომ ყველა ააიპ–ის ხელმძღვანელი, სადაც კონკურსი უკვე ჩატარდა, საკონკურსო კომისიის წევრი იყო და შემდეგშიც ასე იქნება.

Print