ახალი ამბები
" სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 კმ-ის რადიუსზე"
FaceBook
რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე ტარდება.

„სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ, მაშველების მიერ ამოყვანილ იქნა ორი გარდაცვლილის ცხედარი, რომლებიც იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამ დროისთვის 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 იდენტიფიცირებულია და ველოდებით სამი გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს“,
- განაცხადა მარგველიძემ.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენაც.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აღდგენილია ორი ხიდი – ერთი კურორტ შოვის შესასვლელში, მეორე მდინარე რიონის გადასასვლელთან, გლოლის შემოსასვლელში. ასევე, ახალი გზა იქნა გაჭრილი კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ე.წ. კაცხის წყლის მიმართულებით, საიდანაც გადმოვიყვანეთ სტიქიის შედეგად დარჩენილი დაახლოებით 50-ზე მეტი მანქანა.

გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, თავად გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზში, შენაკადებში მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების წმენდა და აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში, ელექტროენერგიით მომარაგება კი სტიქიიდან რამდენიმე დღეში იქნა აღდგენილი“,
- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.

Print
თეგები: #სტიქია #შოვი