ახალი ამბები
შოვში, სტიქიის დროს დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა
FaceBook
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი.
ამის შესახებ, მედიასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხედრებს ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში გადაასვენებენ.

"დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი",- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება, ეძებენ კიდევ ორ ადამიანს. 

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

Print