ახალი ამბები
ქუთაისში, ავტომშენებელზე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ქალაქის მერიას 3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი [NAT230017212] აქვს გამოცხადებული.

საპროექტო ტერიტორია მდინარე ოღასკურას მარცხენა სანაპიროზე, ავტომშენებლის გამზირის გასწვრივ მდებარეობს, რომლის უმეტესი ნაწილი მცენარეული საფარითაა დაფარული.

ამასთან, ტერიტორიაზე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი ადრე არსებული ბილიკები და მდებარეობს ჩერნობილის ხსოვნის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და 1992-93 და 2008 წლების კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალები.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია საპროექტო ტერიტორიაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის და მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაბიონის დამცავი ნაგებობის მოწყობა.





იგეგმება სარეკრეაციო და დასასვენებელი სივრცეების შექმნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. ასევე, არსებული გზის გასწვრივ ტროტუარის რეაბილიტაცია, ტრანზიტული და სასეირნო ბილიკების მოწყობა.

განთავსდება საპარკე სკამები, ურნები და წყლის სოკოები. დაგეგმილია მცირე სავაჭრო კიოსკის მოწყობაც.



პროექტი ასევე ითვალისწინებს როგორც იქ არსებული მემორიალების, ისე მათ მიმდებარედ სივრცის კეთილმოწყობას, დასასვენებელი სივრცეების შექმნით.

იგეგმება საბავშო მოედნის მოწყობა, რეზინის საფარით და ხის კონსტრუქციის კომპლექსური ატრაქციონების განთავსებით. საბავშვო მოედნის ფარგლებში მოეწყობა საჩრდილობლები მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატურების სახით.



აგრეთვე გათვალისწინებულია სავარჯიშო სივრცის მოწყობა, ვორქაუთი ტრენაჟორების განთავსებით. დასასვენებელი და დასაჯდომი სივრცეების მოწყობა მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლებით.

პროექტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი განათების სისტემა საპარკე ლამპიონების და ობიექტების განათებით. დაყენდება ვიდეომეთვალყურების კამერებიც.





გარდა ამისა, პროექტი არსებული ქუჩის გასწვრივ ახალი მონოლითური ბეტონის ბორდიურის მოწყობასაც ითვალისწინებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 10 თვე.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 7 სექტემბერს იწყება და 12-ში სრულდება.

Print