ახალი ამბები
„სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე“,- რაჭის გუბერნატორი
FaceBook
21-ე დღეა რაც, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, პერიმეტრი ამბროლაურამდეა გაზრდილი, ამასთან, პერიოდულად ხდება მთებზე მონიტორინგი.

„21-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. მდინარის კალაპოტებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება მდინარის კალაპოტების ფორმირება. ასევე, მცურავი საშუალებები, მობილიზებულია კინოლოგთა ჯგუფი. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე“,- განმარტავს პაპუნა მარგველიძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 29 დაკარგულის ცხედარია ნაპოვნი, ოთხ დაკარგულ მოქალაქეზე კი საძიებო სამუშაოები გრძელდება.

„პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, სამი დღის წინაც განხორციელდა მწვერვალების შემოფრენა და მონიტორინგი. გეოლოგები და გარემის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი არის მონიტორინგში ჩართული. ინფორმირების კუთხით მოსახლეონასთან შეხვედრას პერიოდულად გავაგრძელებთ და რაც მთავარია, გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.

Print