ახალი ამბები
„ასეთი მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები არ არსებობს“- გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ჰიდროლოგის ექსპერტთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლას მოსახლეობას შეხვდა.

მათ ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიის შედეგად სააგენტოს სამსახურებისა და სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შესახებ.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა განმარტა, დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში ექნებათ საბოლოო დასკვნა, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი.

„ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, გაგრძელდება დაკვირვება ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა ამ საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ გამოირიცხოს რამე დამატებითი საფრთხეები, რომლებიც, როგორც წესი, თანმდევი პროცესია ხოლმე მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ რამე მყისიერი საფრთხე და რამე ასეთი მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

მისივე თქმით, მდინარე ჭანჭახსა და მდინარე რიონზე დაყენებულია შესაბამისი დონეთმზომები, რომლებიც ახდენს წყლის მონიტორინგს, რომელიც მდინარეში მოედინება.

„შესაბამისად, კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროცესსაც. იყო დაპირება, რომ დავაყენებთ რამდენიმე ასეთ მოწყობილობას, რათა ადრეული მონიტორინგის სისტემები კიდევ უფრო გაძლიერდეს და მომავალში მსგავსი მოვლენების პროცესში უფრო მეტი დაკვირვების მექანიზმები გვქონდეს. წყალმზომები, ასევე მეტეოსადგურები, ყველა შესაძლო ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, წინასწარი ინფორმაცია მოგვცეს კლიმატური პირობების გაუარესების, ნალექების მატების ან მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. შევეცდებით, მაქსიმალურად გავააქტიუროთ მუშაობა. დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება უკვე საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, შვიდი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

Print