ახალი ამბები
„სინანულს გამოვხატავ, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე“- ირაკლი კობახიძე
FaceBook
"სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე,"- განაცხადა მედიასთან საუბარში ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ შოვში სტიქიას გადარჩენილების მიერ მოყოლილი ისტორიების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა და  ტყუილი უწოდა იმ ფაქტს, რომ ადამიანები შოვში სტიქიას სამი საათი ებრძოდნენ. 

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ, შეუძლებელია ასე განვითარებულიყო მოვლენები... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ებრძოლა სტიქიას 3 საათის განმავლობაში, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი"

კობახიძე კრიტიკული იყო სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიმართაც.

"მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე (საუბარია სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე, სადაც ჩანს, რა გზა გაიარა მის დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში) ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი,"

მას შემდეგ რაც კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა კობახიძე რიტორიკას ცვლის და სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს გულიან რაჭველ კაცად მოიხსენიებს. 

" დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი, ეს პირველ რიგში მინდა გითხრათ. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და ნუ, წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. და, ნუ, თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვილთან ერთად, უბრალოდ თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული და ეს მინდა აუცილებლად გითხრათ...სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი".

ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა.
გარდაცვლილია 25 ადამიანი.
Print