ახალი ამბები
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1.7 მილიონი მოგზაური შემოვიდა
FaceBook
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1.7 მილიონი  საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს. მოგზაურთა უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, 31-50 წლისაა.

"2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.6

საერთაშორისო ვიზიტორების 73.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 22.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.7 პროცენტს შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print