ახალი ამბები
"არ ვიცი რატომ აღარ უნდათ ქარხნის ამუშავება" - ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები
FaceBook
ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის "ამბიკონ სტილსში“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან შეიკრიბნენ და ქარხნის ამუშავება მოითხოვეს. ადგილზე მყოფების თქმით, 300 -მდე ადამიანი  სამი თვეა უმუშევრადაა  დარჩენილი. 

"ქარხანა გაჩერდა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, რადგან ფილტრების პრობლემა იყო. მაგრამ ეს მოგვარდა ყველაფერი გადაიარაღებულია, თუმცა მაინც ბუნდოვანება არის ქარხნის გახსნის ირგვლივ. არ ვიცი რატომ აღარ უნდათ ქარხნის ამუშავება. ასობით ხალხი ულუკმაპუროდ დაგვტოვეს", - ამბობს ოთარ ხურციძე, რომელიც ქარხანაში შემდუღებლად მუშაობდა.

მეტალურგიული ქარხნის ადმინისტარციაში განმარტავენ, რომ საწარმოს ამუშავება მათ ინეტერესშიც შედის თუმცა, ამის უფლებას გარემოს დაცვის ზედამხედევლობა არ იძლევა.

"გვესმის რომ პრობლემები იყო ქარხანაში, რაც შეძლებისაგავრად გასწორდა და განახლდა ფილტრები. ზოგადად, პრობლემების სრულ აღმოფხვრას დრო სჭირდება. ჩვენი საწარმო გარემოსდაცვითი ზედამხედელობის ჩარევის შემდეგ გაჩერდა, ახლა ისევ გასცეს რეკომენდაცია თუ შუამდგომლობა რომ საწარმომ განაახლოს მუშაობა. თუკი არ მოხდება ქარხნის ამუშავება როგორც მუშები ამბობენ ისინი ოჯახებით გაიფიცებიან", - ამბობს ქარხნის კორპორატიული მენეჯერი ნათია სულაკაძე.

თუ რა მიზეზით ან  როდის შეიძლება მიეცეს ნებართვა ქარხანას ამუშავების,  ამის  გარკვევა გარემოს დაცვის სამინისტოში ვცადეთ, თუმცა უწყებაში ჩვენ ზარებს არ უპასუხეს. 

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი 2019 წელს განახლდა, როცა საწარმო მართვაში ინდურმა კომპანია შპს "ამბიკონ სტილსმა" აიღო. ქარხანაში პრობლემები იყო სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც, რაზეც ხშირად საუბრობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 2020 წელს აქციაც მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად 6 დღე იშიმშილეს.

“ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას” 2008 წლიდან 2009 წლამდე შპს “ევრაზია სტილსი” მართავდა, 2009 წლიდან 2019 წლამდე ქარხანა აღარ ფუნქციონირებდა. ის 2019 წელს ახალმა მმართველმა ინდურმა კომპანია შპს “ამბიკონ სტილსმა” გახსნა. 2019 წლიდან ქარხანამ მუშაობა 100%-იანის ნაცვლად, 25%-იანი წარმადობით დაიწყო. ამჟამად ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში 300-მდე ადგილობრივია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასის ოდენობა კი 1000-დან 1200-ლარამდეა.
Print