ახალი ამბები
რამ გამოიწვია სტიქია შოვში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს.
წინასწარი შეფასების მიხედვით, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში (სურ. 1-4).

აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა (ნახ. 4). დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად.

კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება (სურ. 5-6). აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.

გამომწვევი მიზეზები

მკაცრი კლიმატური პირობები - ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა;

ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები;

კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა-განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე;

მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;

მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წყლები, უხვი ნალექის და გრუნტის წყლების მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება;

უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.

დოკუმენტი სრულად ნახეთ აქ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.
Print