ახალი ამბები
"ამ დროისთვის, შოვში სტიქიისას დაკარგულ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება კონტაქტის დამყარება"
FaceBook
შოვში, სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანა დილიდან გაგრძელდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განუცხადა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ. გრძელდება იმ ადამიანების ძებნის ოპერაცია, რომლებთანაც კონტაქტი ამ დრომდე ვერ დამყარდა.

„გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, დაზუსტება. ტექნიკა მობილიზებულია. უკვე მოხერხდა 2 ექსკავატორის გადაყვანა მდინარეზე. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიურად მოსამზადებელი სამუშაოები და დღეს დაიწყება, როგორც ვგეგმავდით, ხიდის მონტაჟი“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, 150-მდე მაშველი უშუალოდ სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების პოვნის სამუშაოებშია ჩართული.

შოვში სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია ვერტმფრენმა დაღამების შემდეგ, დილამდე შეაჩერა.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ვერტმფრენი მუშაობას შეაჩერებდა, სტიქიის ზონაში მაშველები გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდებოდა, რადგან დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის სავალი გზა მეწყრის შედეგად განადგურდა, ასევე წაღებულია ორი ხიდი.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.


ამავე თემაზე:





Print