ახალი ამბები
"რუსეთი ოკუპანტია", "სოლიდარობა უკანონოდ დაჭერილ აქტივისტებს"- აქცია ქუთაისში
FaceBook
ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლა ქუთაისშიც გააპროტესტეს.


სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები ე.წ კოლონადებთან, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ და ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, 25-მდე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ქუთაისელი აქტივისტი გიორგი გველესიანია, რომელიც სენაკის დროებითი განთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

"როგორც ადვოკატმა გვითხრა, საკმაოდ ნაცემია, იმ დონეზე, რომ აღბეჭდილიც აქვს თავის დასკვნაში იზოლატორის ექიმს.

რაც შეეხება დაკავების პროცესებს, ბარიერებს შიგნით მყოფი მაღალჩინოსანი პოლიციელებისგან იღებდნენ კონკრეტულ დავალებას, ალბათ, იმის მიხედვით ვინ უფრო აქტიურობდა აქციაზე. აკავებდნენ მოქალაქეებს და რადგან გარეთ ბევრი კამერა იღებდა, სასტიკად ბარიერებს მიღმა უსწორდებოდნენ",- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა იმედა ონიანმა.

აქციაზე შეკრებილებმა ხელისუფლებას დაკავებული აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები.

მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქციაზე, რომელიც გვიან ღამით დაიწყო, ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, დაკავებულია 25-მდე ადამიანი.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, ამიტომ მას საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება მიეცა.
Print