ახალი ამბები
„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ - ქუთაისში აქცია დაიგეგმა
FaceBook
ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას ქუთაისშიც გააპროტესტებენ.

ადგილობრივები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ე.წ კოლონადებთან, 20:00 საათზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ "რუსეთი მტერია და არა სტუმარი".

რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები.

მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. ბათუმის პორტში აქცია, რომელიც გვიან ღამით დაიწყო, ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, დაკავებულია 23 ადამიანი.

რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი უკვე დატოვეს, ახლა ისინი ბათუმში ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ლაინერი ბათუმის პორტს არ დატოვებს.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, ამიტომ მას საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება მიეცა. 

Print