ახალი ამბები
ქუთაისში სამაცივრე მეურნეობა მოეწყო
FaceBook
ქუთაისში, კომპანიამ „ვათაგი“, "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოაწყო.

სამაცივრე მეურნეობას 200 ტონა რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის შენახვის შესაძლებლობა აქვს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ არის განკუთვნილი.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640 000 ლარია, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული - 384 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ამ საგრანტო კომპონენტით, იმერეთის მასშტაბით, 23 პროექტი დაფინანსდა, შეიქმნა ახალი 23 საწარმო.

„პროგრამის ეგიდით დაფინანსდა ახალი ბიზნეს მიმართულებები და გარკვეულწილად გაფართოვდა. აღნიშნული ინვესტიცია ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ამ მიმართულებით 8 700 000 ლარი დაიხარჯა და ვფიქრობ, ყველა ბიზნესპროექტი უკვე წარმატებულია” - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ხსორციელდება.

პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას გულისხმობს.

იმერეთის რეგიონში ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2022 წლიდან 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 23 ბენეფიციარს გაუფორმდა შეთანხმება.

Print