ახალი ამბები
ქუთაისში ისტორიული უბნის განახლება იგეგმება
FaceBook
ქუთაისის ისტორიული არეალის განახლების პროექტზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი [NAT230015010] გამოაცხადა.
ტენდერი ქუთაისში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამის საფუძველზე, შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესყიდვის მიზნითაა გამოცხადებული.

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 523 815 ლარია, სახელშეკრულებო ღირებულება კი - 115 000 000 ლარი.

ქუთაისის ისტორიული არეალის განახლების პროექტი, Design-Build მეთოდით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, თუმცა კონკრეტულად რომელ ისტორიულ უბანზეა საუბარი ქუთაისში, ამას ქალაქის მერიაში არ გვეუბნებიან.

ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამა 5 წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.

როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად, გაგრძელდება ტენდერების გამოცხადება სხვა შერჩეულ მდებარეობებზეც. კერძოდ, განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია.

პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.

ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.


Print