ახალი ამბები
"დაბალი ფასის წინადადების საფუძველზე გაფორმდა კონტრაქტი“- მერია "გამჭვირვალობის" კვლევაზე
FaceBook
ქუთაისის მერიაში მათ მიერ „ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიასთან მსხვილი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებულ განცხადებას პასუხობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კონტრაქტი თვენახევრის დაფუძნებულ, ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანია შპს „დ-კ ქონსტრაქშენთან“ იმიტომ გააფორმეს, რომ მან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა.

საქმე ეხება შენგელიას სახელობის სტადიონის არეალში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას, რომელიც „დ-კ ქონსტრაქშენმა“ 214 524 ლარის სანაცვლოდ განახორციელა.

„სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ორმა პრეტედენტმა გამოთქვა. მოცემული სამუშაოები შესასრულებელი იყო ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში. ფასთა კვლევის შედეგად გამოკვეთილმა კომპანიებმა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი შეესრულებინათ მოცემული სამუშაოები, 15 ივნისამდე ჰქონდათ ვადა მიცემული. მათ შორის საუკეთესო (დაბალი ფასის) წინადადების საფუძველზე გაფორმდა კონტრაქტი“,- განმარტავენ მერიაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს დაარსდა, თვენახევარში, 18 მაისს კი მერიისგან 214 524 ლარის კონტრაქტი მიიღო, „ოცნების“ შემომწირველის კომპანია.
კომპანიის 50-50%-ს დავით ყიფიანი და დიმიტრი კუბლაშვილი ფლობენ. დავით ყიფიანმა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორია, 2020 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შეწირა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს პანდემია იყო და კომპანიებს რთული პერიოდი ჰქონდათ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი კუბლაშვილს სამეწარმეო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო დავით ყიფიანი რამოდენიმე კომპანიის დირექტორია.

შენგელიას სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (21 ივნისამდე) უნდა დასრულებულიყო, რადგან ქუთაისის სტადიონი აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი გახლდათ.

საქართველო რომ უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნებოდა, ეს ცნობილი 2020 წლის 2 დეკემბერს გახდა და ბუნებრივია, მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სასწრაფოდ, გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტის გაფორმება საჭირო არ იქნებოდა.



Print