ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას 214 524 ლარის კონტრაქტი გაუფორმა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, თვენახევრის დაფუძნებულ კომპანიას, პირდაპირი შესყიდვით, მსხვილი კონტრაქტი გაუფორმა.

საუბარია შპს „დ-კ ქონსტრაქშენზე“, რომელმაც შენგელიას სახელობის სტადიონის არეალში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია განახორციელა.

შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს დაარსდა, თვენახევარში, 18 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობისგან 214 524 ლარის კონტრაქტი მიიღო.

გამოდის, რომ მერიამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას გაუფორმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ „ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიაა.

„კომპანიის 50-50%-ს დავით ყიფიანი და დიმიტრი კუბლაშვილი ფლობენ. დავით ყიფიანმა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორია, 2020 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შეწირა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს პანდემია იყო და კომპანიებს რთული პერიოდი ჰქონდათ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი კუბლაშვილს სამეწარმეო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო დავით ყიფიანი რამდენიმე კომპანიის დირექტორია“,- აცხადებენ ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში".

შენგელიას სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (21 ივნისამდე) უნდა დასრულებულიყო, რადგან ქუთაისის სტადიონი აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი გახლდათ.

საქართველო რომ უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნებოდა, ეს ცნობილი 2020 წლის 2 დეკემბერს გახდა და ბუნებრივია, მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სასწრაფოდ, გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტის გაფორმება საჭირო არ იქნებოდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ამ განცხადებაზე ქუთაისის მერიიდან კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
Print