ახალი ამბები
ქუთაისში, ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა.

უწყებაში ამბობენ, რომ იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, შპს „ათინათის“ (ქუთაისი, სულხან-საბას №14) კუთვნილი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 1 ნიმუშის 25 გრამში პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes გამოვლინდა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„შპს „ათინათს“ დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროცესზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

საწარმოში ჩატარდა ასევე არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კარაქის საწარმოებლად გამოყენებულია შპს "ეკე 2009"-ის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქი (B401MART1106-111; დამზადების თარიღი - 31.01.2023; გამოყენების ვადა - 31/01/2024). შესაბამისად, შპს "ეკე 2009"-ში ჩატარდება არაგეგმური ინსპექტირება“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Listeria monocytogenes ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადებას ლისტერიოზს. ინფექციის წყაროა გარეული მღრღნელები და შინაური ცხოველები. ადამიანს ლისტერიოზი გადაედება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტითა და საკვებით (თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხორცი, უმი რძე, რძის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული).



Print