ახალი ამბები
"ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა - მერიამ თანხა გაზარდა
FaceBook
„ოქროს ჩარხადის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, მერია ტენდერს [NAT230013922], ამჯერად გაზრდილი ღირებულებით,  მეორედ აცხადებს.

„ივერთმშენი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კეთილმოწყობის სამუშაოებს 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა, ახლა კი ადგილობრივ თვითმმართველობას 1 273 000 ლარის სახელმწიფო შესყიდვა აქვს გამოცხადებული, მაშინ როცა,  კომპანიას სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულებული აქვს.

ჩარდახის რეაბილიტაციაზე ტენდერი რომ თავიდან გამოცხადდებოდა, ან ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმდებოდა, ამაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია "ქუთაისიპოსტთან" ერთი კვირის წინ საუბრობდა. როგორც ჩანს, მერიამ სამუშაოების გასაგრძელებლად კომპანიის გამოსავლენად სახელმწიფო შესყიდვის გზა არჩია. 

„ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვეა, შეჩერებულია. მერიამ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, 9 ივნისს, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ სასამართლოში იჩივლა.

ედიშერ ჯანჯულია განმარტავდა, რომ ისინი გეგმა-გრაფიკის მიხედვით იმიტომ ვერ ასრულებდნენ სამუშაოებს, რომ დამკვეთიდან, ანუ მერიიდან, სრულყოფილი პროექტი (რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ.

„ივერთმშენის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ მერია მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა, შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებს. ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდება.

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა.


ამავე თემაზე:

ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკება - რას გეგმავს მერია "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე

"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის

მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი წერილი ქუთაისის მერიას

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო




Print