ახალი ამბები
სექსუალური შევიწროების ფაქტზე, ქუთაისის „მართვეს“ და მის მწვრთნელს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
FaceBook
სექსუალური შევიწროების ფაქტზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" და მწვრთნელ პაატა დოგრაშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 36 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა ნიკაჭაძემ მიიღო.

საქმე ეხება ქალთა საფეხბურთო კლუბის 9 ფეხბურთელს, რომლებზეც მწვრთნელი სექსუალურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მსხვერპლებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.

ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმოადგენდა.

ორგანიზაციის იურიტის სოფიკო მენაბდიშვილის თქმით, დოგრაშვილი ქალი ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა სახის სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა.

"მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა თამაშის დროს სტადიონების გასახდელში უნებართვოდ შესვლას, ასევე ადგილი ჰქონდა მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შინაარსის კომენტარებს, პორნოგრაფიული ვიდეოების ჩვენებას, სექსუალური შინაარსის ისტორიების მოყოლას. ერთ-ერთი მოსარჩელე დავის პროცესში იყო არასრულწლოვანი, შესაბამისად აქ კიდევ უფრო მეტი პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა სასამართლოს მხრიდან“,- ამბობს იურისტი სოფიკო მენაბდიშვილი.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.

Print